გიორგი (გიგლა) ფირცხალავა
ფირცხალავა გიორგი (გიგლა) იასონის ძე (15.XI. 1922, ფოთი, -4.VI. 1983, თბილისი), ქართველი საბჭოთა გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი. საქართველოს სსრ სახ.მხატვარი (1978). დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1950), იყო ნ.კანდელაკის მოწაფე.
1941-42 ფ-მ პოლიტ. კარიკატურების ბეჭდვა დაიწყო ჟურნალ “ნიანგში”, აგრეთვე ფრონტულ ფურცლებში “კომუნისტი” და “ლახვარი”.
1950-66 პედ.მოღვაწეობას ეწეოდა ი. ნიკოლაძის სახ.სამხატვრო სასწავლებელში, 1967-დან თბილ.სამხატვრო აკადემიაში.
1952-დან თანამშრომლობდა ჟურნალ ‘კროკოდილში”. ფ-ს ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია საღი იუმორი, მაღალ პროფესიული ოსტატობა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა მახვილგონივრულმა კარიკატურებმა, მეგობრულმა შარჟებმა (“ყვავილების მოყვარული”,1960; “ბულდოგის შექმნა”, “არც ახლა იყიდი იატაკ საწმენდს?!”, ორივე 1961;”გაიცანით ჩემი მეორე ნახევარი”, 1954 და სხვ.)
გიორგი ფირცხალავა ავტორია საინტერესო სკულტურული პორტრეტებისა (“მოჭიდავე დავით ციმაკურიძის პორტრეტი”, ბრინჯაო, 1953; “მოჭიდავე გივი კარტოზიას პორტრეტი”, ბრინჯაო, 1956; “სტუდენტი გოგონას პორტრეტი”, ბრინჯაო 1961;). ფერწერული ტილოებისა (“სოხუმი”,1945, “ჩაქვი, ჩაის პლანტაცია”, 1945. ა. სალუქვაძის პორტრეტი, 1973, ყველა – მხატვრის კუთვნილება).
გიორგი ფირცხალავას კარიკატურების კრებულები დაიბეჭდა თბილისსა (1967, 1971) და მოსკოვში (1968,1982).
გამოყენებული ლიტერატურა: ქსე ტ.1, 332 გვ.