ბიოგრაფია
ნათელა არჩილის ასული იანქოშვილი დაიბადა 1918 წელს 30 აგვისტოს ქალაქ გურჯაანში, მასწავლებლის ოჯახში.
ბავშვობა კახეთში გაატარა. შემდეგ მისი ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად (ავლაბარში). დაამთავრა მეოთხე საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო სამხატვრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ 1937 წელს უგამოცდოდ მიიღეს სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგები იყვნენ : დ.კაკაბაძე, ა. ციმაკურიძე , მ. თოიძე , უ. ჯაფარიძე , თ. აბაკელია , ს. ქობულაძე.
სტუდენტი ნათელა იანქოშვილი თავის პედაგოგ დავით კაკაბაძეს სასიამოვნოდ ანცვიფრებდა კოლორისტული ,, სიუჟეტით ” . ამ ,,სიუჟეტში” გამოკრთის იმ მიწისა და ფერთა ექო , რომლითაც ბავშობაში აღუძრეს უჩვეულო განცდები.
თავად იანქოშვილს გამორჩეულად უყვარდა პედაგოგი დავით კაკაბაძე. მისი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად აფასებდა ნამუშევარს ,,იმერეთი-დედაჩემი ”.
ნათელა იანქოშვილს სტუდენტობის წლებში გაუცვნია მეტად წარმოსადეგი ახალგაზრდა ლადო ავალიანი - მომავალში ცნობილი ნოველების ავტორი. მათი მეგობრობა ქორწინებით დაგვირგვინდა. ქორწინების შემდეგ ცხოვრობდნენ პლეხანოვის პროსპექტზე. შემდეგ ნუცუბიძეზე, ბოლოს ბინა რუსთაველის გამზირზე დაიდეს.
ნათელა იანქოშვილისა და ლადო ავალიანის წყვილი თავისი სილამაზით ყოველთვის იპყრობდა გამვლელთა ყურადღებას. მათი ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა და მათი ძირითდი შემოსავალი ბატონი ლადოს მიერ გამოცემული წიგნების ჰონორარი იყო, რომლის უდიდესი ნაწილიც სახატავი საშუალებების ყიდვაში იხარჯებოდა.
წყვილს შვილი არ ყოლია. ისინი განიცდიდნენ ამ ამბავს, ხანდახან ქალბატონი ნათელა ხუმრობით იტყოდა ხოლმე: ,,შვილი რომ მყოლოდა, ამდენი ნამუშევრის შექმნას ვერ შევძლებდიო”.
ნათელა იანქოშვილმა ქართული პეიზაჟის, პორტრეტისა და გრაფიკის ხელოვნება ახალ სიმაღლეზე აიყვანა. მხატვრის ხელწერისთვის დამახასიათებელია ნამუშევრის შესრულების სწრაფი მანერა. მას პორტრეტების ხატვის თავისებური სტილი ჰქონდა; სანამ სურათს დახატავდა, ერთი დღე ესაუბრებოდა პიროვნებას, რათა ღრმად ჩასწვდომოდა მის შინაგან ბუნებას და ზუსტათ აღებეჭდა პორტრეტი, პიროვნების შინაგან სამყაროსთან ერთად.
1943 წელს ნათელა იანქოშვილმა დაამთავრა საქართველოს სამხატვრო აკადემია, მ. თოიძის კლასი. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ,,განთავისუფლებული ქალი” დიდი სამამულო ომის (1941- 45) თემაზე. 1947 წელს მიიღეს მხატვართა კავშირის წევრად.
სტუდენტობის და განსაკუთრებით შემდგომი წლები მისთვის დაუცხრომელი ძიების ჟამია. იგი დიდხანს მუშაობს ფერზე და ბოლოს ინტენსიური ძიება წარმატებით გვირგინდება, როდესაც პოულობს თავის თავს, როგორც თვითმყოფადი კოლორისტი და სახეობრივი აზროვნების ოსტატი.
ამ ხნის ნამუშევრებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იბყრობს ,,ნინო ჭავჭავაძის პორტრეტი”,
რომელიც ჭეშმარიტი ოსტატობით შესრულებასთან ერთად, მხატვრის დიდ ფსიქოლოგიურ ალღოზეც მეტყველებს. შავპირბადიანი და შავკაბიანი ქალის სილუეტი ადამიანის ღრმა მწუხარებას გვიმხელს. გრძელი წამწამებით მოჩრდილული დიდი თვალებიდან, თავშეკავებულ სევდასთან ერთად, კეთილშობილური სიამაყე და დიდსულოვნება იმზრება. მწვანედ დაჩრდილული ხელები, იის კონა, ბეჭდები და მწვანე რეფლექსები ამ პორტრეტზე შავი სამოსის, გულქანდის შავი ხავერდისა და შავი პირბადის თანაბარ მკვეთრ ტრაგიკულ ჟღერადობას იძენენ.
1947 წლიდან ნათელა იანქოშვილი იწყებს სისტემატიურ მონაწილეობას რესპუბლიკურ სამხატვრო გამოფნებში, უფრო გვიან-საკავშირო სამხატვრო გამოფენებში, მოსკოვში, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ ქართველ მხატვართა მოძრავ გამოფენებში; ქართველ მხატვართა ჯგუფურ გამოფენებში საზღვარგარეთის მთელ რიგ ქვეყნებში( ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით.)
1960 წელს. ქალთა საერთაშორისო დღის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე მისი ფერწერული ტილოები იყო წარმოდგენილი, მათ შორის- ,,მამის პორტრეტი”. ამ ნამუშევარმა უმალ მიიქცია დამთვარიელებელთა და ხელოვნებათმცოდნეთა ყურადღება. იმ დროიდან მხატვართა წრეებში შემორჩენილია ქობულაძის ნათქვამი: ”მამის ამგვარი პორტრეტი, ვგონებ, მეორე არც უნდა იყოსო.” 
ნათელა იანქოშვილმ სულ შვიდი პერსონალური გამოფენა მოაწყო. 1960 წელს საქართველოს სახელმწიფო გალერეაში მოეწყო მისი ფერწერისა და გრაფიკის პირველი პერსონალური გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 250-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. ის იყო პირველი მხატვარი ქალი, რომლის პერსონალური გამოფენაც მოეწყო.
1961 წლის იანვარში მოგზაურობდა საზღვარგარეთ (კუბა, მექსიკა, ამსტერდამი). კუბაში მოგზაურობის დროს იგი შეხვდა კუბის პრეზიდენტ ფიდელ კასტროს და დახატა მისი პორტრეტი, რომელიც საჩუქრად მასვე დაუტოვა.
1961 წლის ივლის-აგვისტოში მოგზაურობდა სვანეთში.
1961 წლის ნოემბერში ჰქონდა მეორე პერსონალური გამოფენა. გრაფიკული სერიები: კუბა, მექსიკა, სვანეთი (100 ნამუშევარი ხელოვნების მუშაკთა სახლში). ამავე წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვრის წოდება.
1963 წელს მესამე პერსონალური გამოფენა. გრაფიკული სერია-კუბა. გამოფენა მოეწყო რუსთაველის თეატრის ფოიეში. ამავე წელს აირჩიეს საქალაქო საბჭოს დეპუტატად.
1964-1966 წლებში დაასურათა შოთა რუსაველის პოემა ,,ვეფხისტყაოსანი”, 18 ილუსტრაციით.
,,მიყვარს ეს ხელოვნება,სწორედ ამ მხატვრისა, ეს კარგი, თანამედროვე ხელოვნებაა”-შეუნიშნავს ჰოლანდიელ მოქანდაკეს ფრიდერიკ ზიგერს ,,ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციის სერიისხილვისას.
1967-70 წლებში ნათელა იანქოშვილი, პორტრეტებთან ერთად, ქმნის ქართული პეიზაჟის სერიებს-,,ქართლიჩ”, ,,კახეთი”, ,,თუშეთი”, ,,ხევსურეთი”, ,,მესხეთი”. აგრეთვე- კულტურის ძეგლების სერიას. პეიზაჟურ ფერწერაში ყურადღებას იბყრობს ქართლ-კახეთის, თუშეთ-ფშავ-ხევსურეთისა და მესხეთის პეიზაჟები (სერიებად შესრულებული). თავისი კოლორიტული ნიჭის წყალობით მხატვარმა შესძლო შეექმნა ეროვნული პეიზაჟი, ამ მხრივ განსაკუთრებულია ცის წერის კულტურის მნიშვნელობა, როგორც აღნიშნული პეიზაჟის უმთავრესი კომპონენტისა. იანქოშვილთან თითქმის არ გვხვდება მშვიდი ცა, იგი მუდამ აფორიაქებული დრამატიზმითაა აღსავსე ტემპერამენტიანი, გაბედული მონახაზებით შექმნილი სურათი ცისა. ,,რამაც მე შემძრა, ეს იყო მისი ქართული პეიზაჟები,”- აცხადებს ლუქსემბურგელი ლიტერატორი როზე მარია კიფერი.
1970 წლის მარტი. მოგზაურობა საზღვარგარეთ (სიცილია, რომი, ნიაპოლი პარიზი),
1970 წლის სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეაში მოეწყო მეოთხე პერსონალური გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ფერწერული ტილოები-პორტრეტი, პეიზაჟი. გრაფიკული სერიები-კუბა, მექსიკა, სვანეთი. ილუსტრაციები შოთა რუსთაველის პოემისთვის-,,ვეფხისტყაოსანი” , აგრეთვე წარმოდგენილი იყო წიგნის გაფორმების მრავალრიცხოვანი ნიმუშები.
1972 წელს აპრილში მოეწყო მეხუთე პერსონალური გამოფენა უცხოეთთან კულტურული ურთიერთობისა და მეგობრობის საზოგადოების შენობაში. წარმოდგენილი იქნა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები თემაზე კუბა, მექსიკა.
1973 წლის ივლისი- მეექვსე პერსონალური გამოფენა მოეწყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების მსახიობის სახლში.
1974 წელს მონაწილეობს ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთში გამართულ ჯგუფურ გამოფენებზე.
1975 წელს ექვსი ფერწერული ტილოთი. მონაწილეობს გამოფენებზე ,,დიდება შრომას” , რომლებიც მოეწყო იტალიის რამდენიმე ქალაქში. ამავე წელს მონაწილეობას ღებულობს თბილისში მოწყობილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების გამოფენაზე.
1976 წელს მიენიჭა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო მხატვრის წოდება. ამ წელს მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე გამოფენაში, ამიერკავკასიის რესპუბლიკების გამოფენებზე ერევანსა და ბაქოში, საბჭოთა კავშირის დღეებთან დაკავშირებულ გამოფენაზე შვედეთში, ტრეტიაკოვის გალერეაში ავტოპორტრეტების გამოფენაზე რუსეთში და გამოფენებზე იტალიასა და საბერძნეთში.
1977 წელს მონაწილეობდა პარიზში მოწყობილ გამოფენაზე ,,საბჭოთა სახვითი ხელოვნების 60 წელი.” რომელზეც ექსპონირებული იყო რუსთაველის თეატრის მსახიობის ზ. კვერენჩხილაძის ფერწერული პორტრეტი.
1979 წელს მონაწილეობდა სსრკ მხატვართა კავშირის პლენუმისადმი მიძღვნილ გამოფენაზე თბილისში.
1980 წელს მონაწილეობდა რესპუბლიკურ გამოფენაზე ,,ჩვენ ვაშენებთ კომუნიზმს”.
1981 წელს მონაწილეობდა ლენინგრადში გამართულ ქართველ მხატვართა გამოფენაზე.
1982 წელს მონაწილეობდა საქართველოს დღეებთან დაკავშირებით მოწყობილ გამოფენაზე.
1982 წელს მოეწყო პერსონალური გამოფენა მოსკოვში ქალთა კავშირში, რომელსაც დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. ეს იყო რიგით მეშვიდე, მაგრამ ბოლო პერსონალური გამოფენა, თუმცა ის ყოველთვის მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.
1983 წელს გამოიცა ნათელა იანქოშვილის ნამუშევრების ალბომი, რომელშიც თავ მოყრილია მისი 216 ნამუშევარი.
2000 წლის 25 ოქტომბერს ,,თბილისობისადმი” მიძღვნილ დღესასწაულზე გაიხსნა ნათელა იანქოშვილის ,,ერთი მხატვრის მუზეუმი” . მუზეუმი გახსნა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა.
ნათელა იანქოშვილი 2000 წლის 29 ოქტომბერში აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. ამ ფაქტის დამადასტურებელი სიგელი და სიმბოლიკა ინახება მის სახლ-მუზეუმში.
2003 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიების ინსტიტუმა ,,ვინ არის ვინ”, რომლის პრეზიდენტია დ. ევანსი, 2003 წელს წარმოდგენილ ნომინაციათა შორის რომელთა დამსახურება მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის გამარჯვებულად სცნო ქალბატონი ნათელა იანქოშვილი და მიანიჭა ,,წლის ქალი- 2003”_ის წოდება.
ნათელა იანქოშვილის ,,ერთი მხატვრის მუზეუმი” მდებარეობს რუსთაველის პრ.№ 26 ში. სადარბაზოს ორივე მხარეს მიმაგრებულია მემორიალური დაფა, რომელიც გვახსენებს რომ ამ სახლში ლადო ავალიანი და ნათელა იანქოშვილი ცხოვრობდნენ.
1998 წელს გარდაიცვალა ლადო ავალიანი მის გარდაცვალებას ძლიერ განიცდიდა ქალბატონი ნათელა ხშირად დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა ერთად გატარებულ წლებზე.
2006 წლის 1 მარტს მძიმე ავადმყოფობის გამო ნათელა იანქოშვილი ლოგინად ჩავარდა. ნათელა იანქოშვილს მემკვიდრე არ დარჩენია, მან საქართველოსა და ქართველ ხალხს უანგაროდ უძღვნა თავისი უდიდესი საგანძური-ასეულობით ფერწერული და გრაფიკული ქმნილება.
2003 წელს ნათელა იანქოშვილმა იშვილა პროფესიით მხატვარი თემურ დვალიშვილი, რომელიც ბოლო წლებში ყურადღებას აქცევდა ქალბატონ ნათელას და ის მუზეუმს .
2008 წლის 11 ოქტომბერს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა გენიალური ქართველი მხატვარი ნათელა იანქოშვილი, იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დასრულდა მისი ამ ქვეყნიური ყოფა და დაიწყო მარადიული სიცოცხლე, რომელიც ჟამთასვლასთან ერთად უფრო მნიშვნელოვანი გახდება.